უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიას შეეხება.
"პირველ რიგში, მე და თქვენ გვესმის, რომ "სიურპრიზები" შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოხდეს. ჩვენ უნდა ვენდოთ [დავეყრდნოთ] ჩვენს ძალებს. გვესმის, რომ ასეთი რამ შეიძლება გაფრთხილების გარეშე მოხდეს, ამიტომ ყველაზე მთავარია - რომ ჩვენ ყველაფრისთვის ვიყოთ მზად. სწორედ ამაზე მიდის მუშაობა. მზად ვართ ნებისმიერი ნაბიჯებისთვის, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი საზღვრიდან. მგონია, რომ ჩვენი სპეციალისტები, სამინისტროები, სამხედროები ძალიან სერიოზულ დონეზე მუშაობენ. და ზუსტად დონე აჩვენეს მათ დღეს", - განაცხადა ზელენსკიმ ხერსონშინას მონახულების დროს, სადაც უკრაინელი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, "ნებისმიერი თავდასხმა, ნებისმიერი ოკუპაცია შიდა დესტაბილიზაციით იწყება".
"ვმოქმედებთ ჩვენი გეგმის მიხედვით. ამიტომ, არავის გვეშინია, პანიკის გარეშე, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა", - აღნიშნა მან.
***
გუშინ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში მყოფ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებსა და მოქალაქეებს ქვეყნის კომერციული რეისებით დატოვებისკენ მოუწოდა.
გაერთიანებული სამეფო მოქალაქეებს უკრაინაში მოგზაურობისგან თავის შეკავებასაც ურჩევს.
აღსანიშნავია, რომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.
11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, ქვეყანა 48 საათში დატოვონ.
აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.
დღეს კი AP News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ კიევში საელჩოს სრული ევაკუაციის შესახებ განცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს გააკეთებს. ეს კი იმ ფონზე როცა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.
თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.
ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.
დღეს РИА Новости-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.
გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.